საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიუნხენის ეპარქიის დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebok-ზე იმ სასულიერო პირებს მიმართავს, რომლებიც მრევლს ეკლესიებში შეკრებისაკენ მოუწოდებენ:
„მაშინ, როცა საავადმყოფოებში უჰაერობით იღუპებიან ადამიანები და ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, არსად და არავითარ შემთხვევაში არ შევიკრიბოთ, გამოდიან მღვდელმთავრები და მღვდლები და პატარა ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ საჯაროდ: მარტო ჩვენ რატომ უნდა „დავისაჯოთ”, სუპერმარკეტებს რატომ არ „სჯითო”.
არ გრცხვენიათ, რაზე საუბრობთ საერთოდ? რაში გეკითხებათ თქვენ, რას აკეთებს კარფური და გუდვილი? ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს”, – წერს დეკანოზი.
დეკანოზ ლომიძის აზრით, ეკლესია უნდა მოუწოდებდეს მრევლს სახლში დარჩენისაკენ, მღვდელმთავრები კი დახურულ ეკლესიებში უნდა წირავდნენ.
„მე მწამს, რომ დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ბრძანება თუ ლოცვა-კურთხევა იქნებოდა: დაკეტილ ტაძრებში მარტო სამღვდელოების, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო ეკლესიის მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა. სულერთია რა დღესასწაულია და ასევე სულერთია, ვინ რას აშავებს. ეკლესიამ არასოდეს უნდა დაარღვიოს ადამიანზე ზრუნვის ღვთაებრივი კანონი”, – წერს დეკანოზი.