არ გვიკვირს კობახიძის განცხადება, რომელმაც თავისი სკამი რუსეთის დუმის უვარგის დეპუტატს დაუთმო - კასიანოვი

პუბლიკა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებები რუსეთის ომზე უკრაინაში, არ აკვირვებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს.

თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლებო მონო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლების პოლიტიკას.

მმართველი გუნდის ზოგიერთი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეებია სისხლზე.

ასეთ  დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს”, – თქვა კასიანოვმა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო.