„არ გვიშვებენ სახლებში" - რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე

პუბლიკა

აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე განთავსებულ სახლებში შესვლას მოითხოვენ. როგორც თავად ამბობენ, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე  დგას 22 ოჯახი, რომელთაც,  მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ.

როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლობლებს ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლა ეზღუდებათ. მთა ყანობილი აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვრობენ, ნაწილი კი მუდმივად იქ იმყოფება.

მათი გადმოცემით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია არშეშვების მიზეზად რეაბილიტაციას ასახელებს, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე მათი შესვლით სამუშაოებს ხელი არ შეეშლება. მათი თქმით, დირექტორის, რევაზ ჭანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველს მოკლებულია, რადგან დასახლება სარეაბილიტაციო ობიექტიდან მოშორებით მდებარეობს, შესაბამისად, მათი იქ ყოფნა არც საფრთხის შემცველია და არც ხელის შემშლელი.

„რაღაც გაუგებარი მიზეზია, რომელიც დაკავშირებულია ერთი ტელესკოპის რეკონსტრუქციასთან და ამის გამო არ გვიშვებენ სახლებში. მოყვანილია არგუმენტი, თითქოს ჩვენ ხელს შევუშლით სამშენებლო სამუშაოებს. მიუღებელი მიზეზია ეს იმიტომ, რომ ის ტერიტორია შემოღობილია, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება…

წლების წინ, როცა სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაშინ არ უთქვამთ შეშვებაზე უარი, ახლა ვერ ვხვდებით, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აბსურდული, თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ვითხოვთ, დაბრკოლების გარეშე შეგვიშვან. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როგორც მატერიალური, ისევე რაღაც ახირება. ჭიდაობით გვიწევს სახლებში შესვლა. ჩვენია ეს სახლები, სახელმწიფო ასე არქმევს, რომ ჩვენია, ჩვენს მფლობელობაშია და მანამ საწინააღმდეგო არ დადგინდება, ჩვენ გვაქვს უფლება ცხოვრების. რეალურად, ეს გადაწყვეტილება [ქონების პრივატიზაციის] უნდა მიიღოს ქონების მართვის სააგენტომ, მაგრამ, სანამ ეს გადაწყვეტილება არ არის, ჩვენ ვცხოვრობთ იქ, ხომ, და ვართ მართლზომიერი მფლობელები და შემდეგ უკვე დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მიღებული“, – ამბობს ობსერვატორიის მკვიდრი, ლევან ტოროშელიძე.

„დემონტაჟს აქვს თავისი წესები, გარკვევით წერია დოკუმენტში, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით. საშიში ზონა არის კონტურიდან 5 მეტრში, ჩვენი ბინები კი კილომეტრში მდებარეობს. ყველაფერი დაცულია, მაგრამ მაინც იხვევენ ხელზე, რომ ვითომ ჩვენზე ზრუნავენ. მე არავის არ ვუვარდები და ხელს არ ვუშლი, ამ ზონასთან მით უმეტეს საქმე არ მაქვს, მაგრამ ეს, უბრალოდ, საბაბია და მეტი არაფერი“, – ამბობს თამთა ჭანტურია.

მათივე თქმით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე სახლებში ისეთ პირებს აძლევს ცხოვრების უფლებას, რომლებსაც ობსერვატორიასთან შეხება არ აქვთ.

„50 წელზე მეტი ხანი იმუშავეს ჩემმა მშობლებმა ობსერვატორიაში, ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე. ამჟამად აქ არ იმყოფებიან.  გვინდა, რომ სახლში თავისუფლად შევიდეთ.  ჩემმა მშობლებმა და ვინც აქ იმყოფებიან, მათმა მშობლებმაც, უდიდესი ღვაწლი გასწიეს. რასაც დღევანდელი ადმინისტრაცია გვაკადრებს, ეს არის სამარცხვინო საქციელი“, – ამბობს თამარ გულიაშვილი და ამატებს, რომ დედამისი, მერი მეტრეველი, რომელიც ამჟამად 88 წლისაა, აბასთუმნის ობსერვატორიაში 1959 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, გარკვეული პერიოდი იყო დირექტორის მოადგილეც.

თეონა ტოროშელიძის თქმით, 2023 წლის 10 მაისის ბრძანებამდეც ექმნებოდათ, ხოლმე, შესვლის პრობლემა, რაც 4 წელია გრძელდება: „პრობლემა იყო კოვიდის დროსაც, მაგრამ მაშინ გავიგეთ. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. რას ემსახურება და რა მიზანი აქვს ჩვენს იზოლირებას საკუთარი ბინებიდან, სადაც ჩვენი ნივთებია, არ ვიცით. არაადეკვატური ქმედებაა. ჩვენ ვართ მართლზომიერი მფლობელები. ჩვენი სახლების ბატონ-პატრონები ვართ, თუ რამე ფუჭდება ჩვენ ვაკეთებთ, გადასახადებს ვიხდით. ჩამოვდივართ არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც“.

10 მაისის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა. ისინი იმ შენობების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ.

„გვინდა ჩვენს სახლებში შესვლა, ვართ მართლზომიერი მფლობელები და არ გვიშვებენ. კი ბატონო, წინასწარი დარეკვით გვითხრეს, რომ შესაძლებელია შესვლა, მაგრამ დარჩენა შეუძლებელია. არგუმენტი მიუღებელია. არც დირექცია განაგებს იმ სამშენებლო  კომპანიის უსაფრთხოების ზომებს, ვის შეუშვებ ან ვის არ შეუშვებ არ უნდა იყოს ტენდენციური.

ჩვენ მთავრობამ მოგვმართა როგორც მართლზომიერი მფლობელები და მუდმივი მცხოვრებლები. აი, ამ ერთ ფარატინა ფურცელზე ორჯერ ვართ ასე მოხსენიებული. შეეძლო მთავრობას მოემართა „მოქალაქეებს, ამას და ამას“, მაგრამ არა, მოგვმართეს როგორც მფლობელებს და მუდმივ მცხოვრებლებს და ამ ფონზე დირექცია არ გვიშვებს სახლებში“, – ამბობს ნანა ჩერქეზიშვილი.

 

აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მთელი დღის განმავლობაში ობსერვატორიის დირექტორთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა, მათი თქმით, რევაზ ჭანიშვილი მოქალაქეებს არ შეხვდა. აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, რატომ არ აძლევენ ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებს სახლებში შესვლის უფლებას.

ობსერვატორიის დირექტორი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა მოგვიანებით მედიასთან გააკეთა კომენტარი. რევაზ ჭანიშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელი მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის გამოყოფილი და პროტესტის მონაწილე ადამიანები ობსერვატორიაში არსებული ბინების კანონიერი მფლობელები არ არიან.

„ვუთხარი, რომ წლის ბოლომდე არის განსაკუთრებული მდგომარეობა და გაგებით მოეკიდეთ. მოდიან პროვოკაციაზე. მოიკითხეთ, თუ არის მსოფლიოში პრეცედენტი, რომ ობსერვატორიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ გარეშე პირები? თანამშრომლების გარდა, თუ ვინმე ცხოვრობს? თუ წლების განმავლობაში გრძელდება უკანონობა, ესე იგი, დავაკანონოთ?

ამ ხალხმა მისწერა მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერის სახელზე, რომ ჩვენ ვართ მართლზომიერი მუდმივი მცხოვრებლები ობსერვატორიისო და ა.შ. მე უნდა მივწერო ჩემს დაქვემდებარებულს, რომ შემოვიდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ არის ეს და ეს… ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ  შენ მართლა ხარ ესა და ეს? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ტერმინი. როგორ არიან მართლზომიერი მფლობელები, როცა არიან უკანონოდ? კანონიერად არის მხოლოდ თანამშრომელი. გარეშე პირების ობსერვატორიაში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ობსერვატორია დასრულდა. ბინები აშენებულია იქ რისთვის? რომ თანამშრომლებმა იცხოვრონ. ეს არ არის არც აგარაკი, არც დასასვენებელი სახლი. ეს არის განსაკუთრებული რეჟიმის ინსტიტუტი, რადგან ღამე მუშაობენ და დღე სძინავთ ასტრონომებს“, – ამბობს რევაზ ჭანიშვილი.

აბასთუმნის ობსერვატორიაში მცხოვრები ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.