„არ იქნება არანაირი დანდობა“ - ინაშვილი ხელახალ არჩევნებს ითხოვს და აქციებს აანონსებს

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.

ირმა ინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად იმოქმედებს და შაბათს, 7 ნოემბერს აქცია დააანონსა.

„2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობთ, ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ასეთ დაბალ პროცენტს ვერანაირ პირობებში ვერ აიღებდა. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე და მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები.

ამასთანავე, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას. ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქცვიები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა, ჩვენ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.

შესაბამისად, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ: „ევროპული საქართველო“, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – „ძალა ერთობაშია”, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“.


ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
  • „ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
  • „ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
  • „ლელო“ – 4 მანდატი;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
  • „გირჩი“ – 4 მანდატი;
  • „ლეიბორისტები“ – 1;
  • „მოქალაქეები“  – 2.