„არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა!“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პუბლიკა

„არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა!“ –  განაცხადა ჟურნალისტებთან „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე.

„საერთოდ მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, თუ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებია რაიმე საკითხზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! ეს ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, ბუნებრივია, არ იქნება მშვიდობა. არ ვიმუქრებით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმითვე, მე-5 რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გაიმართება ხელახალი არჩევნები.

„მე-5 რაუნდს რაც შეეხება – პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოხდა სიების ჩახსნა. შესაბამისად, საუბრის გაგრძელება იმაზე, რომ შემოდით პარლამენტში, მე-5 რაუნდის დროს ლოგიკას და აზრს კარგავს. მე-5 რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.