საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომას პირველად ესწრებიან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან განცხადება გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის სიით არჩეული სხვა დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა საკითხს მხარს არ დაუჭერენ.
„არ იყო, იცით, მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა. იცით, რაც გამოვიარეთ მეც და ლევან იოსელიანმაც, ჩვენმა პარტიამაც, სანამ აქ მოვიდოდით, თუმცა ჩვენ ნამდვილად თავაწეული შემოვედით აქ, იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ბოლო 2 ადამიანი.
ასევე გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც არის სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივა და ჩვენ ვაპირებთ მასში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას.
[113 დეპუტატი] არ არის საჭირო. მემორანდუმში ჩამოთვლილია ძალიან ბევრი პუნქტი. ერთადერთ საკითხს, საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემას, სჭირდება 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 51 დეპუტატი უარს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, მოლაპარაკებისთვს სივრცე უნდა დარჩეს და ამაზე პაუხისმგებლობა მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს.
„მოლაპარაკებისთვის სივრცე უნდა დარჩეს. „ქართული ოცნება“ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ამ საკითხს და ოპოზიციას მანდატები არ უნდა გაუუქმოს. 2 ხმა რასაც ეყოფა, გაუქმების საწინააღმდეგოდ მივცემთ ხმას და საჯაროდაც დარბაზშიც ვიტყვით, რომ მოლაპარაკება თუ გვინდა, გაგრძელდეს და კრიზისი განიმუხტოს და ხალხზე ფიქრი დავიწყოთ, ორივე მხარე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკითხს“, – განაცხადა ელისაშვილმა.