ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, არ ყოფილა მარტივი დისკუსია შეხვედრაზე „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ.
„შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ ელჩების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან, ძალიან ღია აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, განვიხილეთ დეტალები – ეს არ იყო მარტივი დისკუსია. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ რომ ეს ინიციატივა არის წინააღმდეგობაში ევროკომისიის რეკომენდაციებიდან სულ მცირე ორ პუნქტთან. დიდი იმედი გვაქვს, ეს ინიციატივა არ გადაითარგმნება კანონში“, – თქვა მან.
მისი თქმით, ევროკავშრის წარმომადგენლობა საქართველოში და ელჩები ახლოდან დააკვირდებიან პროცესს, როგორ განვითარდება ამ კანონპროექტის ირგვლივ.