არ იყო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას - ლომჯარია

პუბლიკა

„ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას”, –  სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. ლომჯარია იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანცია ან საერთაშორისო სასამართლოები შეცვლიან.

„უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე!

მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!”, – წერს ლომჯარია facebook-ზე.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.