პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე 20 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ. სხდომას 20 ივნისის დაზარალებულები – გიორგი სულაშვილი და დავით ხვადაგიანი ესწრებიან. მათთან ერთად არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც.
კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა გიორგი სულაშვილი.
„ვნერვიულობ, მიჭირს აქ საუბარი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და შევძელი, მოვსულიყავი და პოზიცია დამეფიქსირებინა.
20 ივნისს არ ვიცოდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, საღამოს დავბრუნდი სახლში და გავიგე, რომ თურმე გავრილოვი ჩამოუყვანიათ და მოათავსეს ძალიან რბილად, თბილად და ალბათ იქამდე ტკბილი ჩაიც მიართვეს.
როდესაც გავიგე, დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ავღელდი, გამახსენდა აფხაზეთის ომის გმირები და ის ადამიანი, რომელსაც მიუძღვის წვლილი ჩვენი გმირების დახოცვაში, ჩამოვიდა საქართველოში და ზარ-ზეიმით დავხვდით, მაგრამ ხალხმა ეს ვერ მოითმინა.
10 საათისთვის ვიყავი პარლამენტის წინ. არაფერი ხდებოდა, სიმშვიდე იყო პარლამენტის წინ. არ ვიცი, იქამდე რა ხდებოდა, მაგრამ, მე როცა მივედი, გასროლა უკვე მომხდარი იყო ცრემლსადენის და დაშილილი იყო ხალხი პარლამენტის წინ. შემდეგ 5 წუთში ხალხის მობილიზება მოხდა, მოვიდნენ და განაგრძეს მშვიდობიანი პროტესტი.
უცბად დაიწყო ცრემლსადენი გაზის სროლა ინტენსიურად, შემდეგ დაიწყეს რეზინის ტყვიების, არამხოლოდ პატარების, აქ იყო ნარინჯისფერი ტყვიებიც, რომლებიც ძალიან აზიანებენ ადამიანს.
20 ივნისს სრულიად გაუფრთხილებლად დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, არცერთი გაფრთხილება არ ყოფილა, არცერთი ხმოვანი გამაფრთხილებელი არ იყო ჩართული და არავის უთქვამს, რომ დაიწყებდნენ სროლას.
ეს გაფრთხილება გაჟღერდა მაშინ, როდესაც ადამიანები დააბრმავეს, ადამიანებს თვალები ამოგვთხარეს, ძვლები დაგვიმტვრიეს. მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ 20 ივნისი არასდროს წაიშლება, ვერ წაშლით 20 ივნისის ღამეს და თითოეული იქ დაზარალებული ადამიანი არის მსხვერპლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გავრილოვი ჩამოიყვანეს და მე ძაან დაბნეული ვარ ახლა, ვნერვიულობ, ვცდილობ, ემოცია დავმალო და თავი შევიკავო…
20 ივნისის შემდგომ, როცა თვალები დაგვთხარეს, ადამიანები დაუნდობლად სცემეს, ამის კადრები ბევრჯერ გექნებათ ნანახი, შეიძლება რომელიმემ პარლამენტის წინაც ნახა და ვინ აუნაზღაურებს ამ ადამიანებს მორალურ, ფიზიკურ, ყველანაირ ტკივილს, რაც 20 ივნისის ღამეს მიაყენეს არამხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ, ვინც ბრძანება გასცა?
მე არ მაინტერესებს, ვინ რას აწერს ხელს, ჩემი პოზიცია არის ის, რომ 20 ივნისის ღამეს ვერ წაშლით ვერანაირი ხელმოწერით. თითოეული ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვისაც 20 ივნისის ღამის შესრულებაში მიუძღვის წვლილი, ეს იქნება პოლიციელი თუ სხვა, ვინც ბრძანება გასცა.
8 ოპერაცია გავიკეთე, სახის ძვლები, ცალი მხარე საერთოდ არ მაქვს და თუ სადმე სახის ძვალი მაქვს, იცოდეთ, რომ გადანერგილი მაქვს, იმ ადგილში სიცარიელე მქონდა. არაა თვალის დაკარგვაზე ლაპარაკი, ცალ მხარეს არაფერი არ მქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ რა გადავიტანეთ და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ქართული ლექსიკონის სიტყვათა მარაგი არ მეყოფა ამ ყველაფრის აღსაწერად.
დღესაც ვართ მძიმე მდგომარეობაში და ამ ყველაფერს ემატება გაუთავებელი პროცესი არდაუსჯელობისა იმ ადამიანების, ვინც ჩვენ თვალი ამოგვთხარა. მხოლოდ ის 3 ადამიანი ასე მასობრივად ადამიანების დასახიჩრებას ვერ შეძლებდა, ყველამ კარგად ვიცით.
რაც შეეხება ადამიანების მხრიდან ძალადობას 20 ივნისის ღამეს, არავინ უმიზეზოდ არაფერს გააკეთებდა. იქნებოდა რაღაც წინა პროცესი, როდესაც ადამიანების მიმართ იქნებოდა ძალადობა და მოხდა მათი გაღიზიანება, არ ვამართლებ არავის, კანონის წინაშე უნდა ვიყოთ ყველანი ერთი“, – განაცხადა გიორგი სულაშვილმა.
მისი თქმით, 20 ივნისის შემდგომ არცერთი ადამიანი არ დაინტერესებულა დაზარალებულების ბედით.
„არ უკითხავთ, არ უთქვამს არავის: გიორგი სულაშვილო, როგორ ხარ? მთავარი ის არ არის, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და გადავრჩი“, – განაცხადა მან.