„არ მაქვს გარანტია, რომ ჩემი სიძულვილის გამო, რაღაც სისულელე არ ჩაიდინოს" - დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

პოლიციაში „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ის ამბობს, მან გამომძიებლებს დეტალურად მოუყვა გუშინ, 24 ივლისს მის სახლთან ინტერვიუს დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ. დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციას ასევე ესაუბრა იმ საფრთხეების შესახებ, რასაც მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანისგან ხედავს.

„მოვუყევი მათ შორის იმ მუქარების შესახებ, რომელსაც ის ავრცელებს სოციალურ ქსელში. მუქარები, რომელიც არის ჩემი პოლიტიკური პარტიის წევრების მიმართ…

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მე არ მესახება, რომ ეს ადამიანი არ არის საფრთხე საზოგადოებისთვის ან ჩემთვის, იცის ჩემი საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ და არ მაქვს გარანტია, არაფხიზელ მდგომარეობაში არ დამხდეს სახლთან და ჩემი პოლიტიკური იდეოლოგიისა და ზოგადად,  ჩემ მიმართ სიძულვილის გამო, რაღაც სისულელე არ ჩაიდინოს”, – ამბობს ის.

როგორც ის ამბობს, დაკითხულია თუ არა ეს ადამიანი, ამაზე გამომძიებლებისგან პასუხი ვერ მიიღო.


24 ივლისს, ხატია დეკანოიძე საკუთარი სახლთან ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც, ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აგინებს მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტებსა და ხატია დეკანოიძეს.

„პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ პირი იდენტიფიცირებულია, გამოძიება კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.