ზიარების რიტუალის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ის არ არის სასულიერო პირი და მას არ აქვს უფლება რეკომენდაციებში გაწეროს ის ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ, ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს, ეს საპატრიარქო ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი პატივცემული ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს წყვეტს თვითონ, ჩვენ ვიძლევით ზოგად რეკომენდაციებს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან აქვთ ხშირი კონტაქტი.
„ორი კვირის წინ, როდესაც უკვე მოიმატა ჩინეთის გარეთ შემთხვევების რაოდენობამ, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით და ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ მათთან. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს და ბევრად კომპეტენტურ ქალბატონ ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე, მან ჩაატარა დაახლოებით ორ საათიანი შეხვედრა საპატრიარქოში თბილისში, სასულიერო პირებთან, საპატრიარქოს თანამშრობლებთან და კიდევ სხვებთან. გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები, მსგავსი შეხვედრა ერთ-ერთი მეუფის თხოვნით ასევე ერთ-ერთ ეპარქიაში გაიმართა, ასევე სხვაგანაც“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საერთო კოვზით ზიარებაზე წერს: მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში“.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.