არ მეგონა, რომ ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, გაუძლებდა – გამყრელიძე

პუბლიკა

„დღეს მე პირადად არ მეგონა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, გაუძლებდა“, – განაცხადა „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების მიზეზებზე საუბრისას.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ტრადიციულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად ჯანდაცვის სისტემას მოლოდინი არ ჰქონდა, რომ კორონავირუსის დღიური შემთხვევები 3 000-ს გადააჭარბებდა; თვითონ კი, მისივე თქმით, არ ელოდა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ რაოდენობის პაციენტს გაუმკლავდებოდა.

„მე, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი მაქვს ჯანდაცვის სექტორში, ყველანაირ პოზიციაზე, დაწყებული ჩვეულებრივი ექიმით, დამთავრებული სხვადასხვა ჩინოვნიკურ პოზიციაზე, ამის უფლება მაქვს, რომ შედარებითი ანალიზი ვაკეთო. დღეს მე, პირადად, არ მეგონა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, გაუძლებდა.

კი, ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ სისტემა რომ უძლებს ამას და ჩვენი გმირი ექიმები, ნამდვილად ეკუთვნის დიდი მადლობა სამედიცინო საზოგადოებას; მე ხშირად მითქვამს, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული; საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას აქვს ყველაზე რთულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებოდა 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის კონფლიქტი… დღესაც თითოეული ქართველი ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი იმსახურებს მადლობას.

დღეს 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან უმეტესობა დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, მაგრამ იცით, რომ დაგვეღუპა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის ექიმები და მე თავს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

რთულია ეს ყველაფერი და ხაზს ვუსვამ, სისტემა, შედარებითია, უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.