„არ მეგონა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებდნენ. ეს ურბიციდია, ქალაქს კლავენ!”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს” წარმომადგენელმა ვახტანგ სურგულაძემ დედაქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სურგულაძემ აღნიშნა, მშენებლობების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რასაც ადასტურებს ის, რომ სახელისუფლებო ფრაქცია საკრებულოში სრულად მობილიზებულია და საკრებულოს 29 წევრი პროექტებს მხარს დაუჭერს.
„ალბათ, კარგად გესმით, რომ სახელისუფლებო ფრაქციას საკრებულოში სრული მობილიზება აქვს და მშენებლობების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. 29 ადამიანი პროექტების დამტკიცებას ხელს აუწევს. გუშინ კომისიაზე რეალური ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც რეალური საფრთხე დაგვანახეს, როგორც ღვარცოფის, ისე წყალდიდობისა და სეისმოლოგიური მიმართულებით. მშენებლობების, რომლებიც ამახინჯებს და საფრთხეს უქმნის ქალაქს, ერთ დღეში დამტკიცება არ შეიძლება. მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. არ მეგონა, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც მიიღებდნენ. ეს ურბიციდია, ქალაქს კლავენ! თბილისს არ აქვს მაღალსართულიანი შენობებისთვის გათვლილი სტანდარტები. სამწუხარო ის არის, რომ დღეს ამ სტრატეგიული პროექტების გარშემო უნდა ვიმსჯელოთ, თუმცა ვიცით, რომ ისინი უკვე გატანილია”, – განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.
თბილისის საკრებულოში დღეს, 25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომა იმართება. დასამტკიცებლად გატანილ საკითხებს შორის რამდენიმე მრავალსართულიან, მრავლფუნქციურ პროექტებს ეხება – „ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ქარხნის პროექტი, საცხოვრებელი კვარტალი ნაძალადევში, 169-მეტრიანი ცათამბჯენი ვაკეში და ა.შ.