არ მგონია, რომ მიშელი სრულფასოვნად აღიქვამს, რამდენად მძიმე ვითარებაა - ბოკერია

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართელოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ შარლ მიშელი სრულფასოვნად ვერ აღიქვამს, რამდენად მძიმე ვითარებაა საქართელოში. ბოკერიას თქმით, მიშელმა ყველა პრობლემაზე ისაუბრა, თუმცა „ზედიპლომატიურ“ ენაზე და დააკლდა ვითარების დრამატულობის აღქმა.

„მე არ მგონია, რომ სრულფასოვნად აღიქვამს პრეზიდენტი მიშელი ვითარებას, თუ რამდენად მძიმეა.

მის გამოსვლაში ზედიპლომატიურ ენაზე ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, როგორც იმ უმძიმეს ამბებზე, რაც მოხდა ამ ბოლო კვირაში, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას, აქტივისტებზე თავდასხმას, უმცირესობის უფლებებს, ყველაფერი თქვა.

ისიც თქვა, ნუ მიიჩნევთ ამას მეორეხარისხოვან პრობლემად და რომ სასამართლოს საკითხი საკვანძო იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, რაც პოლიტიკური საკითხია და მართლაც მძიმე ამბავია, რომ საქართველო იხილება.

[დამაკლდა] დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში.

ნორმალურობის განცდა, საერთო ჯამში, ეს არის მოტყუება თავის, ყველა ჩვენი მოკავშირისთვის და მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, თავისი განცხადებებით, ამას ხელს უწყობს ძალით თუ უნებურად“, – თქვა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრები.

მოგვიანებით მიშელი სიტყვით გამოვიდა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც, მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებმაც შარლ მიშელთან დამოუკიდებელი შეხვედრებიც გამართეს.