„გირჩის“ დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მხრიდან დედაქალაქის მთავრობის გუნდის წარდგენა სერიოზული იქნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოიგებს. მის წერილობით კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„რამდენად სერიოზულია ახლა, როცა არჩევნების მოგებამდე შორი გზაა, არ ვიცი. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და აქვთ ჩრდილოვანი მთავრობის იდეა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნება.
მაგალითად, წარმოდგენა არ მაქვს, მათ „გირჩის“ ამომრჩეველმა როგორ უნდა მისცეს ხმა ისეთი ლოზუნგების შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ გავიგეთ – გაუგებარი პროპაგანდა ჩაირთო, თურმე, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბავშვების შიმშილია. იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ თუ 200 ათასი ბავშვი შიმშილობს თბილისში, მაშინ წამოიდგინეთ, რა სჭირს მათ მშობლებს. გამოდის, რომ მთელი ქალაქი ამოვწყდით, რაც არასერიოზულია.
ჩვენი ამომრჩევლები ცხვრები არ არიან, რომ სულელურ ლოზუნგებს გამოჰყვნენ. ჩრდილოვან კაბინეტს თუ რაიმე შინაარსი აქვს, ასეთი ლოზუგნების განმარტება მაინც უნდა გააკეთონ. ეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ არ გვესმის და თუ ამ ლოზუნგებს ისე განმარტავენ, რომ ამომრჩეველს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რაიმე შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ამას ჯერ ასეთი არაფერი ეტყობა.
თუ ბავშვები შიმშილობენ, მაშინ ქვეყანაში მნიშვნელობა არაფერს აქვს და ამ პრობლემას უნდა მივხედოთ, მაგრამ ცხრა თვე სხვა საქმით ვიყავით დაკავებული – ხან რეფერენდუმზე ვსაუბრობდით, ხან რევოლუციას ვაწყობდით და ამ მომენტში ბავშვები შიმშილობდნენ? ყველას ან მაშინ ვატყუებდით, ან ახლა ვატყუებთ და არ მინდა, ამომრჩეველი მოვატყუო.
არ მგონია, რომ თბილისში ბავშვები შიმშილობდნენ, ცალკეული შემთხვევები ვერ იქნება გადატანილი ყველაზე მდიდარ ქალაქში ჩვენს ქვეყანაში. სად ხედავთ, რომ თბილისში ეს ხდებოდეს? – ეს არის ტყუილი, რომლითაც არ მგონია, ამომრჩევლის ხმები მოიპოვო.
შიმშილი არის კონკრეტული რამ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი რომ შიმშილობს, ეს ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. თანამედროვე ისტორიაში შიმშილი ყოველთვის იყო ხელოვნურად გამოწვეული, საბჭოთა კავშირში ხდებოდა, უკრაინაში და ა.შ.“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, მასობრივი შიმშილი საქართველოში არასდროს ყოფილა, საბედნიეროდ, 90-იან წლებშიც კი.
„ღარიბი ქვეყანა რომ ვართ, უამრავ ადამიანს წესიერი კვების პრობლემა აქვს, ეს ცხადია, მაგრამ ეს არ წყდება სკოლაში უფასო საკვებით და ა.შ. ეს არის განვითარების ამბავი, უკიდურესად ღარიბი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ შიმშილობ. სიღარიბეს დავარქვათ შიმშილი, არასერიოზულია“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.