„არ მიფიქრია ასე ღრმად" - მოსამართლეობის კანდიდატი მინიმალური ხელფასის საჭიროებაზე

პუბლიკა

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიფიქრია ასე ღრმად”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენადი მაკარიძემ დეპუტატ ლევან იოსელიანის შეკითხვას – უნდა იყოს თუ არა განსაზღვრული ქვეყანაში ადეკვატური მინიმალური ხელფასი.

იურიდიულ კომიტეტზე საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. გთავაზობთ მათ კითხვა-პასუხს:

ლევან იოსელიანი: თქვენ ბიოგრაფიაში ასეთი რამ არის მითითებული, რომ სემინარი გაქვთ გავლილი საერთაშორისო შრომის სტანდარტებისა და საქართველოს შრომის კოდექსის თაობაზე კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. თქვენი აზრი მაინტერესებს მინიმალურ სახელფასო განაკვეთთან დაკავშირებით – უნდა არსებობდეს თუ არა და თუ იცნობთ ევროპულ პრაქტიკას ამ მიმართულებით?

გენადი მაკარიძე: ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებაში ძალიან მწირია ჩემი ცოდნა… რაც შეეხება მინიმალურ სოციალურ გა… მინიმალურ სოციალურ…. ხელფასზე ბრძანეთ ხომ ასეა? მე როგორც მახსოვს, ეს ძალიან ძველი კანონი იყო, მაგრამ ეს საკითხი იყო მოწესრიგებული და იმ პერიოდში შეიძლება, შეიძლება კი არა, ნამდვილად ასეა, სასაცილო ალბათ – ასეთი  ტერმინი რომ გამოვიყენოთ, 20 ლარი იყო მახსოვს აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილი. მე როგორც მახსოვს, შევარდნაძის დროინდელი ბრძანებულება იყო… [სტილი დაცულია].

ლევან იოსელიანი: ახლაც ასეა, პრეზიდენტის ბრძანებულებითაა მოწესრიგებული, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენ ემხრობით თუ არა მინიმალური სახელფასო განაკვეთის არსებობას, თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, იმიტომ, რომ თქვენი მთელი საქმიანობა დაკავშირებულია შრომით სამართალთან და შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებასთან. ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შრომით ურთიერთობაში.

გენადი მაკარიძე: გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიფიქრია ასე ღრმად, თუმცა…