არ მიგვაჩნია სწორად, მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესსექტორი - ხმალაძე დასუფთავების გადასახადზე

პუბლიკა

თბილისის მერიაში განმარტება გაკეთდა, რატომ დაიწყო მსჯელობა ბიზნესისთვის დასუფთავების მოსაკრებლის მომატებაზე.

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ „თბილსერვისის“ დანახარჯების 70% ბიზნესსექტორის დასუფთავებას ემსახურება, ბიზნესი კი ამ ეტაპზე ამ დანახარჯის ნახევარსაც არ იხდის. ხმალაძეს მიაჩნია, რომ დროა, დაიწყოს მსჯელობა და ბიზნესის გადასახადი გაუტოლდეს იმ თანხას, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურებისთვის.

ვიცე-მერი აკონკრეტებს, რომ ცვლილება არ შეეხება საყოფაცხოვრებო სექტორს.

„დასუფთავების გადასახადი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. ასევე იზრდება დაწესებულებებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.

დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, თუმცა არავის მიგვაჩნია სწორად, რომ მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესსექტორი, შესაბამისად, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, მათი მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურებაზე.

დღესდღეობით, დაახლოებით, 70% დანახარჯები „თბილსერვისის“ მიმართულებით, ემსახურება ბიზნესსექტორის დასუფთავების მომსახურებას, დანარჩენი საყოფაცხოვრებოს. პირდაპირ შემიძლიათ გითხრათ,  იმის ნახევარი არის დარიცხვა ბიზნესსექტორზე, ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება. ამდენი წელი ასეთი პრაქტიკა იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ არის ახლა ის დრო, როცა საკრებულომ უნდა განიხილოს მოსაკრებლის გადახედვის საკითხი და გაიზარდოს და გაუტოლდეს მათი გადახდილი იმდენს, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის ინფორმაციით, შემოდის ერთწლიანი 1000-ლარიანი ვაუჩერი ტურისტული ობიექტებისთვის – კვების ობიექტებისა და სასტუმროებისთვის. ამის მიზეზად ხმალაძე პანდემიის გამო სექტორის დაზარალებას ასახელებს.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში 1000-ლარიანი ვაუჩერი დახარჯონ და შემდგომში დაიწყონ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა. ეს არის სუბსიდია, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ სუბიექტების სასარგებლოდ გამოყოფს“, – ამბობს ხმალაძე.

შეკითხვებზე, როდიდან და რა ოდენობით გაიზრდება გადასახადები, ხმალაძე ამბობს, რომ სხვადასხვა მომხმარებელს მოსაკრებელი სხვადასხვანაირად ერიცხება. მისი თქმით, ტარიფები 1 იანვრიდან შეიცვლება.

„სხვადასხვანაირი დაირცხვაა – რესტორნებს სხვანაირად ერიცხება, სამრეწველო ობიექტებს – სხვანაირად; ზოგს ფართობის მიხედვით ერიცხება, სასტუმროებს საწოლების მიხედვით ერიცხება. ზრდა არის, დაახლოებით, თუ იხდის სუბიექტი, მაგალითად, 30 ლარს, შეიძლება მოუწიოს 45-50 ლარის გადახდა. ჯამში მთლიანი დარიცხვა გაიზრდება 17 მილიონი ლარით. ეს ის 17 მილიონი ლარი, რომელსაც აქამდე მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებდა“, – აცხადებს ვიცე-მერი.

ირაკლი ხმალაძემ გაიხსენა რამდენიმე თვის წინ „თბილსერვისის“ თანამშრომლების პროტესტი ხელფასის მატების და ტექნიკის განახლების მოთხოვნით და განაცხადა, რომ იმისთვის რომ „თბილსერვისმა“ სათანადო მომსახურება გასწიოს, ურნები დროულად დააცარიელოს და გამართული ტექნიკა ჰქონდეს, მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა უწევს მუნიციპალიტეტს.

ამ საკითხის განხილვამ თბილისის საკრებულოში ხმაურის ფონზე ჩაიარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ საყოველთაო გაჭირვების ფონზე ხელისუფლება მხოლოდ გადასახადების გაძვირებითაა დაკავებული.