საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ 21 დეკემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „მაგნიტსკის ევროპული სიის” არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„საქართველო იყო პირველადი ვერსიის მხარდამჭერი. შემდგომი ვერსიები და შეზღუდვები, რომლებიც ამ სიის მიხედვით განხორციელდა, მოცემული იყო იმ ფორმით, რომელიც არ იყო ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში. შესაბამისად, ჩვენ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ მივუერთდით“. — თქვა თეიმურაზ ჯანჯალიამ.
მისივე თქმით, „მაგნიტსკის ევროპული აქტი” არ იძლევა საშუალებას, ქვეყანა მას ნაწილობრივ შეუერთდეს.
„ვალდებულებები არის 100%-იანი — თუ მიუერთდი მე-4, მე-5 გადაწყვეტილებას, 1-3-ის განხორციელების ვალდებულებაც გაქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი ფორმები, ის ორწლიანი სანქციები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ამ ეტაპზე არ შედის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და შესაბამისად, არ მოხდა ეს [მიერთება]“. — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თეიმურაზ ჯანჯალიამ დასძინა, რომ 2020 წელს, როდესაც „მაგნიტსკის სია მუშავდებოდა”, საგარეო უწყება მუშაობდა, „ანალოგიური მიდგომა ყოფილიყო საქართველოსთან მიმართებაში”.
„ვგულისხმობ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მოკლეს ან დღემდე ტყვეობაში იმყოფებიან – ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მიდგომები ამ მხრივ. თუმცა იმ დროს, სამწუხაროდ, ამის გაზიარება არ მოხდა. ჩვენ პირველად ვერსიას მივუერთდით”. – თქვა მან.
2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.
საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.
„მაგნიტსკის აქტი” თავდაპირველად 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. მისი მიზანი იყო პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ სერგეი მაგნიტსკის რუსეთის ციხეში სიკვდილზე.
უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი, სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა, სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს, საპატიმროში გარდაიცვალა, დაკავებიდან 11 თვის თავზე.
2016 წელს აშშ-მ „მაგნიტსკის გლობალური აქტი” დაამტკიცა. დოკუმენტის საფუძველზე აშშ-ს შეუძლია, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს დაუწესოს.
ევროკავშირმა აშშ-ის დოკუმენტის ანალოგი – „მაგნეტსკის ევროპული აქტი” 2020 წელს მიიღო. დოკუმენტი მას საშუალებას აძლევს, „გაყინოს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ქონება, დააწესონ სანქციები მოგზაურობასთან დაკავშირებით და სხვა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარღვევენ ადამიანის უფლებებს”. 2020 წელს საქართველომ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
„მაგნიტსკის ევროპულ სიაში” არიან რუსეთის, ჩინეთის, სუდანის, მიანმარის, სირიის, ჩრდილო კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები.