„არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის”, – რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის შეფარდების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხალხს აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.
„მათ ეშინიათ თქვენი ქუჩაში გამოსვლის. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ამიტომ, არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში. გამოდით ქუჩაში არა ჩემთვის, არამედ საკუთარი თავისა და მომავლისთვის“, – აცხადებს ის.
ვიდეომიმართვიდან მალევე ნავალნის გუნდი წევრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მათი შტაბი 23 იანვრისთვის აქციების ორგანიზებას იწყებს. მისივე თქმით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საპატიმროში ყოფნა 15 თებერვლამდე მიუსაჯა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი გუშინ რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. საპასპორტო კონტროლის გავლისას მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაყოლა მოსთხოვეს, თუმცა არ დააკონკრეტეს აკავებდნენ თუ არა პოლიტიკოსს. ნავალნის თანმხლებ ადვოკატს კი მასთან გაყოლის უფლება არ მისცეს.
მოგვიანებით, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი მასზე დაკისრებული პირობითი მსჯავრის „მრავალჯერ დარღვევის გამო“ დააკავეს.
ნავალნიზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.
ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.
ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნება, მისი თქმით, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რეაბილიტაციის პროცესში ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და თავისუფლად გადაადგილება შეძლო.
ის გერმანიიდან რუსეთში 17 იანვარს ჩაფრინდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ თვითმფრინავმა, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში ბრუნდებოდა, დაჯდომისას გეზი იცვალა. ის ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
ვნუკოვოს აეროპორტთან ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტრიაზე მალევე გამოჩნდა ომონიც, რომელმაც ნავალნის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერების ნაწილი დააკავა. სამართალდამცველებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ დაშლილიყვნენ, შეკრებილები კი მათ დახვდნენ შეძახილებით – „ფაშისტებო“.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულს შორის იყვნენ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ასევე დააკავეს ნავალნის შესახვედრად მისული ათეულობით მოქალაქე.