„არ შეიძლება, 1 ლიტრ ბენზინზე იყოს ლარამდე ფასნამატი, ამას სჭირდება კარგი შესწავლა“ - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო.

„ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა. თებერვლის ბოლოს წარმოვადგენ ოფიციალურ, დადასტურებულ, საბოლოო სურათს.

აქაც, მოგეხსენებათ, ჩვენი ჩარევის შედეგად დარეგულირდა, შემცირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემები მიდევს წინ და ვხედავ, არსებობს მაღალი მარჟა და მაღალი მოგებით მუშაობენ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია.

მინდა, მოგმართოთ თქვენ, მინისტრებო, უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და უნდა ჩამოვწიოთ გონივრულ ზღვარზე ფასები.

არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი. ამას სჭირდება კარგი შესწავლა და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ და ანგარიშს გაუწევენ.

აუცილებელია საკითხის დარეგულირება მოკლე დროში, ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.