არ შეიძლება დიდმა ქვეყნებმა იარაღით საზღვრები შეცვალონ - სახელმწიფო დეპარტამენტი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბაიდენსა და პუტინს შორის მხოლოდ დიალოგი გაიმართა და რაიმე სახის მოლაპარაკება უკრაინის ბედთან დაკავშირებით არ მომხდარა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, რუსეთის გააქტიურების მიუხედავად უკრაინას არ მოუწევს დათმობებზე წასვლა. ხოლო ბაიდენმა პუტინს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ მყარად დგას უკრაინის სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

„ეს არ ყოფილა მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყნის ბედთან ან საზღვრებთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკრაინაზე, მარგამ სურათი კიდევ უფრო ფართოა, რადგან ვლადიმერ პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს.

მას სურს, უარყოს ის მოცემულობა, რომ დიდმა ქვეყნებმა არ შეიძლება დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები. სურს იმ იდეის გატარება, რომ დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ იარაღის მუქარით შეცვალონ საზღვრები. ეს არ შეიძლება მოხდეს და არ უნდა მოხდეს დღევანდელ სამყაროში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ნედ პრაისის თქმით, დიალოგი ზრდის შესაძლებლობებს, რომ გარკვეულ საკითხებს ნათელი მოეფინოს. მათ შორის იმაზე, რომ რუსეთმა გაიგოს რა არის NATO-ს მიზნები, რისთვის შეიქმნა და რას არ ისახავს მიზნად.

„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ არაფრის გადაწყვეტას არ ვაპირებთ უკრაინის, ჩვენი პარტნიორის თანამონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ისინი ესაუბრებიან ევროპელ პარტნიორებს, სურთ მოქმედებების კოორდინაცია და მათი მიზანია, რომ დიალოგში ჩაერთონ NATO-ს ქვეყნები. გააგრძელონ დიალოგი სხვადასხვა ფორმატში იმისთვის, რომ როგორმე დეესკალაცია მოხდეს.

ნედ პრაისის თქმით, დეესკალაციას ყველაზე მეტად მინსკის შეთანხმების შესრულება შეძლებს, რადგან ის ნათლად განსაზღვრავს რუსეთისა და უკრაინის პასუხისმგებლობას.

„სწორედ ამაზე უნდა დავხარჯოთ ჩვენი ენერგია. ამის შესახებ ვესაუბრეთ უკრაინელ პარტნიორებს. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განუმარტა პუტინს. ეს არის, რაც სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განუმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს.

თუ შეხედავთ მინსკის შეთანხმების დარღვევებს, მათი უმრავლესობა რუსეთზე მოდის“, – განაცხადა სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.