არ შეიძლება ღირსეული ადამიანი ფიქრობდეს, რომ ის შეიძლება გახდეს გვარამიას ბულინგის მსხვერპლი - კობახიძე ოპოზიციონერებზე

პუბლიკა

„ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო – მოლაპარაკების მაგიდის გარშემო არ ზის 8 გვარამია, არ ზის 8 სააკაშვილი, არ ზის 8 ბოკერია. არ ზის 8 ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკის პრობლემები“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, „ასეთი ადამიანები“ მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხედან და მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერები არ დაექვემებარებიან არც გვარამიას, არც სააკაშვილისა და არც ბოკერიას შანტაჟსა და ბულინგს.

„არ შეიძლება ღირსეული ადამიანი ფიქრობდეს, თუნდაც გონებაში გაივლოს, რომ ის შეიძლება გახდეს გვარამიას შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი. ეს ხომ საოცრებაა და ეს ხომ უბედურებაა?!“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ისეთი 8 ადამიანი არ ზის, რომელიც თავის თავს შეიძლება გვარამიას, სააკაშვილისა და ბოკერიას მსხვერპლად ხედავდეს. როგორც კობახიძე ამბობს, ასეთი ადამიანები იქ არ სხედან.

„აქედან გამომდინარე მე ვარ დარწმუნებული, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ შედგება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო დღეს ასე თამამ განცხადებებს ჩვენ ვერ და არ გავაკეთებდით“, – აღნიშნა კობახიძემ.