„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რა კრიტერიუმით ხდება ადამიანების ქვეყანაში შემოშვება. მისი თქმით, ქვეყანა არ უერთდება სანქციებს და საბაჟო სამსახური მხოლოდ ოკუპაციის შესახებ კანონით ხელმძღვანელობს.
„როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციებიც. ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს, ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც – ეს არის ძალიან მკაფიო პოიზიცია ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოჯახის წევრების სანქცირება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
„თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ გარკვვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს ეწინააღმდეგება ზოგადად ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო“, – განაცხადა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტს არავინ ეკითხება თავად რაზე ისაუბრებს და მას არ აქვს უფლება ხალხის სახელით ილაპარაკოს.
„მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივის მიზეზის გამო – ამ ქვეყანაში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას.
როდესაც პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – განაცხადა „ოცნების“ ლიდერმა.
მისივე თქმით, პირი, რომლის ქორწილიც იმართებოდა, ომის საწინააღმდეგო გზავნილებით გამოირჩევა და იმ კაცის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული „არის ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „მე-19 საუკუნეში ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში – ასეთი ბენელებისთვვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“.