არ შეიძლება ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს - ზურაბიშვილი რუსეთზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დაესწრება.

სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.

“ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა. ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ იმავდროულად ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ; ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით! ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერება დამღუპველია.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა.

“შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს.

ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს.

უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც.”  -განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ახალი მიდგომა სჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით.

“საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.”