არ შემიძლია დავაზუსტო, რა დრო დასჭირდება კიბერშეტევის აღმოფხვრას - გაბუნია ვაქცინაციის პორტალზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ აცრაზე რეგისტრაციის პორტალის შეფერხება კიბერთავდასხმამ გამოიწვია. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და არ შეუძლია კონკრეტული დროის თქმა, როდის აღდგება საიტზე წვდობა. გაბუნიასვე თქმით, იგივე პრობლემაა მიზეზი იმისა, რომ 3 ივლისის კოვიდსტატისტიკა არ განახლდა.

„ვაქცინაციის პორტალზე დღეს დღის პირველ ნახევარში ვგეგმავდით რეგისტრაციის გააქტიურებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობდა და შეუძლებელი იქნებოდა პორტალის გამოყენება რეგისტრაციისთვის.

ამ ეტაპზე მუშაობს რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ტექნიკური ჯგუფი, ასევე შესაბამისი უწყებებიც ჩართულები არიან მიზეზების მოკვლევაში. იმედი მაქვს, რამდენიმე საათში დასრულდება სამუშაოები და შევძლებთ, ისევ დავუბრუნოთ პორტალი სამუშაო რეჟიმს.

რეგისტრაციის აღდგენაზე დამატებით გაცნობებთ. ამ წუთისთვის არ შემიძლია დავაზუსტო, კონკრეტულად რა დრო დასჭირდება ამას და როდის გაიხსნება რეგისტრაცია“, – განუცხადა „პუბლიკას“ სატელეფონო საუბარში თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ დღეს 12 საათიდან „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, თუმცა საიტი შეფერხებით მუშაობს. ამ ეტაპზე booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაციის გავლა ვერ ხერხდება.

„პუბლიკა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგისტრაციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე დაუკავშირდა და მიმართა შეკითხვით, შეიცვლებოდა რეგისტრაციის დრო, თუ ტექნიკური პრობლემა 12 საათისთვის მოგვარებული იქნებოდა. პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ ყველაფერი გვეცნობება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოსწორდება საიტის ტექნიკური ხარვეზი და როდის მიეცემათ მოქალაქეებს საშუალება, ჩინური „სინოფარმით“ აცრაზე დარეგისტრირდნენ.

დღეს ასევე არ განახლებულა კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან, 5 ივლისიდან დაიწყება.

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა თბილისში 2 ივლისს ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა, შემუშავებულია ქვეყნის მასშტაბით პრეპარატის განაწილების სქემაც.

„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია.