„არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც [შეჩერებაზე] არის ლაპარაკი”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ შეკითხვას, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების სავარაუდო შეჩერებას უკავშირდებოდა.
დახმარების სავარაუდოდ შეჩერების თაობაზე ინფორმაცია „ფორმულამ“ გაავრცელა.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად – თუ კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი – იმნაძე აღნიშნავს, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის”.
ინფორმაციის გადამოწმებას „პუბლიკა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ცდილობს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს.
„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
„ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც უნდა წასულიყო“.