არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - კალაძე

პუბლიკა

ქალაქი მერი კახა კალაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება.

“ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე.

საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ.

არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა.

მჯერა ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.” – წერს კახა კალაძე.

 

ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების…

Posted by Kakha Kaladze on Wednesday, January 13, 2021


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.