„არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს" - საინიციატივო ჯგუფი

პუბლიკა

„არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს“, – ასე ეხმაურება საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“ თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გაკეთებულ განცხადებას.

წულუკიანმა პარლამენტში თქვა, რომ მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხაა გადახდილი, თუმცა, როგორც ის ამბობს, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან ,,პროექტი ქაღლდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეალიზება შეუძლებელია და საფრთხის შემცველი.

საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია არაკომპეტენტურად იმართება. ასევე, მათი თქმით, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი გასაიდუმლოებულია.

„მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვინ (რომელი კომპანია ან სპეციალისტთა ჯგუფი) აწარმოებს მოდიფიცირების პროცესს. ზემოთქმულის მიხედვით, ცხადია, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იმართება ისევე არაკომპეტენტურად, როგორც იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი, რის შედეგადაც ძეგლს შეუქცევადი ზიანი მიადგა.

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია. სამინისტრო, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცემს ინფორმაციას რომელი კომპანია ან პროფესიული ჯგუფები მუშაობენ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე.

ისევე, როგორც ეს გელათის შემთხვევაში ხდებოდა!

საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ გაჟღერებულ ინფორმაციას მივიჩნევთ საგანგაშოდ და ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას.

არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულმა შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს.

,,არარენტაბელური მემკვიდრეობა“ საფრთხეშია!“, – წერია განცხადებაში.