ესტონეთის პარლამენტმა საქართველოს შესახებ განცხადება მიიღო – ის პარლამენტში 49 დეპუტატმა წარადგინა, მას მხარი დაუჭირა 59-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგი იყო – 9.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის უფლებას, დემოკრატიულად აირჩიოს მათი გზა საზოგადოებრივი მოწყობისა და ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მხრივ, შესაბამისად, ესტონეთი საქართველოს განვითარებას მჭიდრო თანამშრომლობით უჭერდა მხარს და წინააღმდეგი იყო რუსეთის ფედერაციის ქმედებების, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„გასული ათწლეულის განმავლობაში, ესტონეთი მზარდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომ მოეხდინა ქართული საზოგადოების პოლარიზება და ჩარეულიყო საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ოქტომბერში ძალადობისა და დაშინების ფონზე წარიმართა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება”, რომელიც სარგებლობს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით, არჩევნების გაყალბებულ შედეგებს იყენებს, რათა მიაღწიოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრულ კონტროლს და მოახდინოს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტი:
– არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის თუ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, რადგან ყველა მათგანი დაინიშნა იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ჩატარდა მოქალაქეების დაშინებისა და საეჭვო ქმედებების ფონზე;
– სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და აფასებს მის ძალისხმევას ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასრულების მიზნით;
– მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული ძალების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც აუცილებელია კონსტიტუციური კრიზისის გადასაჭრელად და დემოკრატიის აღსადგენად;
– გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს, რაც ხდება მზარდი რუსული იმპერიალიზმით და მოუწოდებს ძალადობისა და დევნის შეწყვეტას, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებით ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროკავშირს, დააწესოს სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დევნაში.
„მოუწოდებს ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მკაცრად შეზღუდონ საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან კომუნიკაცია მანამ, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ერის მიმართ, რომელიც იცავს თავის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიასა და ქვეყნის მომავალს ევროკავშირში”.