არ ვაპირებ რომანების და ლექსების წერას, შესაბამისად, ჩემგან არ არის საფრთხე – წულუკიანი მწერლებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. მან თავის გამოსვლაში ლიტერატურულ პრემიებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო წელსაც გაგრძელდება ინიციატივები ლიტერატურულ პრემიებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანაშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამინისტრო ინსტრუმენტია, რომ მწერლებს ჰქონდეთ მეტი მხარდაჭერა.

„მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანაშრომლობით შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას, იმიტომ, რომ მე არ ვერევი. ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალსა და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანაშრომლონ სამინისტროსთან.  სამინისტრო თქვენი პარტნიორია. სამინისტრო არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა. თავად მე არ ვაპირებ რომანების და ლექსების წერას, შესაბამისად,  ჩემგან არ არსებობს არავითარი საფრთხე და არც იმის სურვილი რომ ვინმე შევაფასო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე თქვა, რომ მომავალ წელს იქნება, მინიმუმ, 5 სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი, ერთ-ერთი კი მიეძღვნება სპეციალურად ქალ მწერლებს.