არ ვაპირებ უარის თქმას შეხვედრაზე - მელია „მოქალაქეებსა“ და „გირჩზე“

პუბლიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციას შორის არსებულ კონფლიქტზე „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოება ოპოზიციისგან ელის კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პოლიტიკური ვითარება. მელიას თქმით, თუ ვინმეს გამოსავლად პარლამენტში შესვლა ესახება, უნდა შევიდეს კიდეც.

ნიკა მელია ამობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეტად გულისხმიერი გახდა კოლეგების მიმართ და ის მოუსმენს ყველას, ვისაც მასთან საუბარი სურს.

„დღეს სხვა „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც ისწავლა მოსმენა კოლეგების, რაც უნდა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოზიციებზე ვიყოთ.

დიახაც, ჩემი მისია არის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს სხვა, უფრო ყურადღებიანი, უფრო გულისხმიერი, ნაკლებად კონფრონტაციული, მინიმუმ, კოლეგების მიმართ. თორემ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, მე თვითონ ვიყავი ადამიანი, ვინც ხმალამოღებული ვიბრძოდი ოპოზიციურ ველზე. არ მახსენდება ეს პერიოდი მაინცდამაინც სასიამოვნოდ და ამით ხელისუფლების წისქვილზე ვასხამდი წყალს.

შესაძლებელია, ახლა მისმენენ კოლეგების ის ნაწილი, რომლებიც არიან თავდასხმის სუბიექტი, პარტიებს ვგულისხმობ, ალეკოს მხრიდან, იაგოს მხრიდან… და ფიქრობენ, ისინი გვესხმიან თავს, ჩვენ ხომ არ ვესხმით, მაგრამ ალეკოს და იაგოს რომ ვკითხოთ, საპირისპიროს იტყვიან და ა.შ. და ა.შ.

ახლა ეს არის კონფლიქტი და მეტასტაზირების პროცესში როდესაც მიდის, იქ ახლა მტყუან-მართალს ვერ გაარჩევ და ორ ადამიანს შორის როდესაც ხდება კონფლიქტი, არ მახსენდება, როდესაც 100%-ით მართალი იყოს ერთი მხარე…

მე ყოველ შემთხვევაში, ჩემს როლს ვერ ვხედავ იქ, რომ ეს ვითარება კიდევ უფრო გავამწვავო. ყველა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რატომ ვართ ამ პროცესში და რა გამოწვევების წინაშე დგას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ყველა სხვა ოპოზიციური პარტია.

საზოგადოება ჩვენგან ელის კონკრეტულ გეგმას და რაც შეიძლება, მალე უნდა დავასრულოთ ეს დავიდარება. თუკი ვიღაცა თვლის, რომ პარლამენტში შესვლა არის ბოიკოტის ალტერნატივა, დიახაც, უნდა შევიდეს, ძალით ხომ არ დავაკავებთ? ხედავთ, რომ რაღაცა ვითარება ჭაობდება და ყველანი ამ ჭაობში ვეფლობით. ვურჩევდი, რომ ეს არ ქნან…

…მე არ ვაპირებ უარის თქმას [შეხვედრაზე], თუკი სურვილი ექნებათ. პირდაპირ გეუბნებით, შეხვედრაზე უარის თქმას მე არ ვაპირებ, გამორიცხულია, დასამალი არაფერი მაქვს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.