„როგორც ხედავთ, მე ვარ აქ. ჯერჯერობით, ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტა”, – ასე პასუხობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია შეკითხვას – ის ჩაატარებს თუ არა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს.
როგორც ის აღნიშნავს, არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი, ხელმძღვანელი გადადგება თუ არა.
„არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.