„არ ვაპირებთ გადახდას, გავასაჩივრებთ”, – ასე ეხმაურება „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას.
„პირველ რიგში, ხაზგასასმელია ის, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვრის, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ რადგან, ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვამძიმონ, მით უმეტეს პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ კიდევ ასე გავაგრძელეთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, შეიძლება საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან. ესეც არ გამიკვირდება, უფრო მეტიც, ველოდები აი ჩვენთან ოლიგარქის კლიპი რომ გადის, სტაფილო ჩანს, აი იმ სტაფილოსთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ არის პრობლემა, ჩვენა არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას. გავასაჩივრებთ, როგორც წინა შემთხვევაში და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება”, – ამბობს გიორგი გაბუნია.
„TV პირველის” წარმომადგენლის ნანა აბურჯანიძის თქმითაც, გადაწყვეტილებას მათი მედიაკომპანიაც გაასაჩივრებს.
„ჩვენ და „ფორმულა” ამ გადაწყვეტილებით ფინანსურად არ დავზარალდით, მაგრამ აქ გაცილებით დიდი პრობლემაა – რომ მარეგულირებელი კომისია არის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში და ერთგვარი სადამსჯელო როლი მოირგო…
გავასაჩივრებთ აუცილებლად. ჩვენ დაველოდებით ფორმალურ, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამას რომ მიღებთ, შემდეგ იურისტები სამივე არხიდან იმუშავებენ და ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ”, – განაცხადა მან.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და სამ არხს: „მთავარს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველს“ სანქცია დაადო.
კომისიის გადაწყვეტილებით, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ გააფრთხილეს, „მთავარი არხი“ კი 118 689 ლარით დაჯარიმდა.
კომისიამ განმარტა, რომ „ფორმულასა“ და „TV პირველისთვის“ ეს პირველი დარღვევაა, ხოლო „მთავარი არხისთვის“ წელს მეხუთე.