საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა მოკლე საჯარო ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა კულტურის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობის შედეგებს – უწყებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს და სამინისტროს წაგებულ შრომით დავებს, კულტურის ძეგლების დაზიანებას, გალერეებიდან ტილოების გაქრობის უსაფუძვლო ბრალდებებს და სხვა.
როგორც პროფკავშირის წევრები აცხადებენ, იმის მიუხედავად, რომ თეა წულუკიანი მინისტრი აღარაა, ის პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცეს.
პროფკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დაიწყო იმ გარემოებების გახსენებით, რის გამოც გადაწყვიტეს პროფესიული კავშირის შექმნა.
„საუბარი იყო იმაზე, რომ დაიკარგა რაღაც ექსპონანტები მუზეუმებიდან და ამას ის დაასაბუთებდა და ადამიანები პროკურატურაში არბენინეს და დაკითხვებზე ატარეს, საბოლოოდ, ისე დატოვა თანამდებობა ქალბატონმა წულუკიანმა, რომ არც ერთი კონკრეტული დოკუმენტი არ წარმოუდგენია, რა დაიკარგა, ვინ დაკარგა და ა.შ.
ჩვენს კოლეგებს წულუკიანი ედავებოდა ისეთი ექსპონანტების დაკარგვას, რომელიც დაიკარგა 1976 წელს და ეს ადამიანები მაშინ დაბადებულები არ იყვნენ ან სკოლაში სწავლობდნენ ან მერე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ კოლეგას სახლში ედო და მერე დააწინაურა ქალბატონმა წულუკიანმა და გახადა სამხატვრო აკადემიის რექტორი… ბატონ ყარამან ქუთათელაძეს ჰქონდა სახლში ის ნახატები, რომლის დაკარგვასაც აბრალებდა ქალბატონი წულუკიანი ჩვენს კოლეგებს. სია, რომელიც ჩამოთვალა, უმეტესობა დაკარგული იყო გასულ საუკუნეში, მაგალითად, ერთი ტილო დაკარგული იყო 1956 წელს, დაიწვა ტყიბულის მუზეუმში…
მთავარი ისაა, რომ 2021-24 წლებში 300-ზე მეტი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან. 103 ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს, ვიცით, ვინ არიან.
[…] გადავწყვიტეთ, კონსტრუქციულად გვეპასუხა ამაზე და შევქმენით პროფესიული კავშირი, რომ თავი დაგვეცვა თავდასხმებისგან, ასევე შევქმენით სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის მიზანი იყო კვლევები ეწარმოებინა, იმიტომ, რომ ასობით პროექტი შეჩერდა მუზეუმში და ჩვენი მიზანი იყო, ეს კვლევები გადაგვერჩინა. ახლა ვაარსებთ კულტურის პოლიტიკის კრიტიკულ პლატფორმას“, – განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.
წიქარიძის განმარტებით, კულტურის პოლიტიკის კრიტიკული პლატფორმა სფეროში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და გასაანალიზებლად შეიქმნება. მოიწვევენ სფეროს წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს და დისკუსიების შედეგად გადაწყდება საკითხები.
ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, ამ ეტაპზე პროფკავშირს 250 წევრი ყავს. ის ამბობს, რომ სცადეს კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია, თუმცა უშედეგოდ.
წიქარიძე იხსენებს, რომ პროფკავშირთან მოლაპარაკებაზე უარის თქმის გამო შრომის ინსპექციამ ეროვნული მუზეუმი დააჯარიმა კიდეც.
„ამ სამი წლის განმავლობაში რაც მივაღწიეთ, არის ის, რომ ჩავატარეთ 5 საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფკავშირის წევრები, 3 სამედიაციო პროცედურა გავიარეთ, მათ შორის, ოპერის და ბალეტის თეატრთან, რომელმაც დაარღვია ყველანაირი კანონმდებლობა და გაუშვა 11 გაფიცული. გაფიცვის მოტივით არ შეიძლება, დასაქმებული გაუშვა. 11 საქმეა შეტანილი ოპერის და ბალეტის თეატრის წინააღმდეგ. ასევე არის 30 სარჩელი ჩვენი წევრების, 31 საქმეში გავიმარჯვეთ, 13 იყო პროფკავშირის წევრების და 6 ჩვენ თვითონ ვაწარმოეთ. ოპერის და ბალეტის თეატრში ჩვენი მოთხოვნით შევიდა შრომის ინსპექცია და გამოვლინდა შრომის უფლებების უხეში დარღვევა, დაახლოებით, 12 დარღვევა და მათ გამოსწორებაზე მიეთითა ორგანიზაციას“, – განაცხადა ნიკა წიქარიძემ.
მისივე თქმით, პროფკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გელათის რეაბილიტაციიდან თეა წულუკიანის ჩამოშორებაში.
„ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოეძიებინა გელათის საკითხი და ქალბატონი წულუკიანის ბრალეულობის საკითხი. აქ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ბევრია. ჩვენმა პროფკავშირმა იმუშავა, რომ გელათის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა შეეკრიბა და ეს დოკუმენტი მალე დაიდება, რომელშიც აღწერილია მოვლენების ქრონოლოგია და იქ ჩანს, რამდენი დაიხარჯა თანხა, რომ კიდევ გაუარესდა მდგომარეობა და ა.შ.
საბოლოოდ, იმის თქმა გვინდა, რომ ქალბატონმა თეამ წააგო თითქმის ყველა სასამართლო პროცესი, გამონაკლისებიც არსებობს, ოღონდ ეს სხვა საკითხები იყო, რომელიც ტექნიკურად გადაწყდა. მას წაგებული აქვს სასამართლოები, შრომის ინსპექციას დაჯარიმებული ყავს, დანგრეულია უამრავი ძეგლი და არსებობს წერილები, ერთ-ერთ წერილს 500-მდე წარმომადეგენელი აწერს ხელს, რომ ქალბატონმა თეამ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა, როცა მინისტრი იყო“, – განაცხადა წიქარიძემ.
მისი თქმით, შესაძლებელია, რომ წულუკიანის მიმართ სამოხელეო დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია, 5 დასკვნა, პროტესტი და სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე საპატრიარქოს მოწოდება, რა შეიძლება დაზიანებულიყო გელათში მისი ქმედებებით, თუმცა მან მაინც იმოქმედა.
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა სამუზეუმო და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი შექმნა.
დოკუმენტში, რომლის შექმნაშიც 40-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა, განხილულია მუზეუმების და სამეცნიერო სისტემის ძირითადი გამოწვევები და ბარიერები და განსაზღვრულია სამოქმედო მიმართულებები, მათ შორის, საკანონმდებლო-პოლიტიკური მიმართულება, მუზეუმის მართვა, შრომითი და საკადრო საკითხები და დასაქმებულთა უფლებები და ფინანსურ-ადმინისტრაციული მიმართულება.
„ჩვენი მიზანია, ასეთი დოკუმენტები შევქმნათ, რომელიც საბოლოოდ საფუძვლად დაედება, იმედია, კულტურის პოლიტიკას.
ჩვენი მიზანი ერთი მხრივ იყო, რომ პოლიტიკურ პარტიებს გაეაზრებინათ ეს პრობლემები და მეორე მხრივ, პოლიტიკურ პაექრობაში ჩვენი პოზიცია გამოგვეჩინა.
მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენი სამუზეუმო სტრუქტურა არც ისეთი განვითარებულია, მიუხედავად წინსვლისა. თანამდეროვე სამუზეუმო კონცეფცია გვეუბნება, რომ ჩვენ მუზეუმების კრიტიკიდან უნდა გადავიდეთ კრიტიკულ მუზეუმებზე. ჩვენ რომ გამოფენები გვაქვს და საცავი, მხოლოდ ის არაა, რომ ჩვენ ვიკვლიოთ და საზოგადოებას არაფერი, ამან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების წინსვლას და მოდერნიზაციას“, – თქვა წიქარიძემ.
წიქარიძის ინფორმაციით, საქართელოში 256 მუზეუმიდან და მათ უმრავლესობას არ აქვს თანამედროვე სისტემა და ინფრასტრუქტურა.
„ამ დოკუმენტის მთავარი იდეაა, გამოგვევლინა ის ნაკლოვანებები, რომლებიც 2021 წლიდან დღემდე დადგა, მაგალითად, წესიერი მუზეუმი 2020 წლის მერე არ გახსნილა საქართველოში, ახალი მუზეუმი აღარ კეთდება, მით უმეტეს, ამდენი სპეციალისტია გამოშვებული და მათაც ხელი ეშლებათ, იქ არის დამყარებული ციხის ჟანდარმული სისტემა. ამან გამოავლინა თავი. მაგალითად, ევროპალიას ფარგლებში ისეთი შეცდომები იყო დაშვებული, რაც აზიანებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში საქართველოს გაქრისტიანების თარიღი 100 წლით გადმოწიეს, 100 წელი წაართვეს საქართველოს ქრისტიანობას… არ იყო ნახსენები დოლოჭოპის ბაზილიკა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო არ იყო პერიფერიული ქრისტიანული ქვეყანა, არამედ დიდი ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იყო, იმიტომ რომ ბატონი ნოდარ ბახტაძე აკრიტიკებდა ქალბატონ წულუკიანს… ამას მოყვება ის, რომ მაგალითად, გადაჭრილ გორაზე, რომელიც წარმოადგენს ღვინის კულტურის უძველეს მტკიცებულებას, წყალმა გადარეცხა იქაურობა, არ გაითვალისწინეს გადახურვის პროცესში ამ ძეგლის დაცვა.
იმიტომ მიაღწია ქალბატონმა წულუკიანმა თავისას, რომ სამუზეუმო სისტემა იძლევა საშუალებას, ავტორიტარი თუ მოვიდა, გამოიყენოს სათავისოდ“, – თქვა წიქარიძემ.
„ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ და წულუკიანი აღარ ვახსენოთ, იმიტომ, რომ მინისტრი აღარაა. იმდენი რამე გააფუჭა, მინიმუმ 10 წელი დასჭირდება ჩვენს სფეროს, რომ აქედან გამოვიდეს“, – თქვა წიქარიძემ.