არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში - ვარლამ გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფეთან შეერთებას აპირებენ, რაც მისი თქმით, სიმართლე არაა და გამორიცხავენ პარტიულ ბრძოლას რიონის ხეობის დასაცავად.

„არაერთგზის გაგვიკეთებია ამაზე განცხადება და გვითქვამს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ პარტიასთან.

ზოგადად, არ მივიჩნევთ, რომ პარტიულ დღის წესრიგს შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემა, რა პრობლემის ირგვლივაც ვართ აქ შეკრებილები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემას გადაჭრის, პირველ რიგში, ჩვენი სიმრავლე, ჩვენი ერთობა, დამოკიდებულება და ის სულისკვეთება, რომლითაც ვართ, რომ ამით მივიდეთ და საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ.

ვხედავთ, რომ პარტიული დღის წესრიგით რამდენიმე ათეული წელია საქმე არ კეთდება ამ ქვეყანაში და ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ.

ამიტომ, ჩვენ არავისთან პრობლემა არ გვაქვს და არც შეურაცხყოფას ვაყენებთ, პირიქით პატივისცემა ყველას, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა და არაერთგზის გვითქვამს ამის შესახებ.

ვცდილობთ, რომ თვითონ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ და ასე შევძლოთ, პარტიული დღის წესრიგის გარეშე პრობლემის გადაწყვეტა და იძულება ჩვენი დაქირავებული ხელისუფლების, რომ იყოს ხალხის ნების აღმსრულებელი“, – თქვა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ შორის, ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინტერნეტში ინფორმაცია, რომ ისინი 16 მაისს ლევან ვასაძის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, რომელმაც 6 მაისს მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა. ესეც, გოლეთიანის თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.

„ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს 16 მაისის აქციას ვუერთდებით და რომ ჩვენი ხედვები ერთი და იგივეა რიგ საკითხებში. შეიძლება რაიმე ზოგად თემებში თანხვედრაც გვქონდეს, მაგრამ დღის წესრიგში თუ მთელი რიგი მესიჯ ბოქსების მიხედვით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი აცდენები. კიდევ ერთხელ ვამბობ, იდეოლოგიურად, საფუძველშივე გამოვრიცხავთ პარტიული გზებით მოქმედებას“, – თქვა გოლეთიანმა.

6 მაისს, მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების გაკეთების შესახებ „რიონის ხეობის მცველებთან“ კავშირზე კითხვა თავად ლევან ვასაძესაც დაუსვეს.

ვასაძის თქმით, ის 16 მაისს საზოგადოებას წარუდგენს თავის თანაგუნდელებს, რომლებიც მის მოძრაობაში გაერთიანდებიან, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მის გუნდში მოძრაობის „რიონის ხეობის გადასარჩენად“ აქტივისტებიც იქნებიან წარმოდგენილი.