სამუშაოები არ შეჩერებულა. არ ვაპირებთ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას - ENKA

პუბლიკა

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. მათი თქმით, არ აპირებენ პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ” ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის „ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.