„არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციას ნარატივში შევყვეთ და დავიწყოთ უშედეგო აგრესიული რიტორიკა“, – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეს, ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებასა და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა.
როგორც მდინარაძე ამბობს, აგრესიული რიტორიკა, რომელიც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების საზიანოდაა მიმართული, მაგრამ, მისივე თქმით, ასეთ რიტორიკაში შესვლა არ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ხელისუფლება მსგავს საკითხებზე ინტენსიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„საფრთხეებსა და ამ აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშავებთ. არ ვაპირებთ, რომ ოპოზიციას ნარატივში შევყვეთ და დავიწყოთ უშედეგო აგრესიული რიტორიკა, რასაც ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგთან არანაირი შემხებლობა არ ექნება. ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად, მყარად, კატეგორიულად, თუმცა ნაცებისა და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში რატომ არ შემოდიხართო, ამაზე აფეთქებას და ჩაყოლას ამ თემებში ნამდვილად არ ვაპირებთ“, – აცხადებს მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და ნებისმიერი ნაბიჯი ამ პასუხისმგებლობით იქნება გადადგმული. კობახიძემ აღნიშნა, რომ სუს-მა გააკეთა ყველაფერი, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული ყოფილიყო.
„საქმე ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებას ჰქონდა. გახსოვთ, რით დაამთავრეს თავიანთი ქმედებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის, ვგულისხმობ ტერიტორიების 20%-ის ჩაბარებას რუსეთის ფედერაციისთვის. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ – ჩვენი”, – განაცხადა კობახიძემ.
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, გუშინ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ არ დავიწყებია, როგორ შეურაცხყო გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინი და ტელეწამყვანს ურჩია: „გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის“. კადიროვი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე კადიროვის დაკვეთით ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა: „ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, და მით უმეტეს უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს“, – წერს კადიროვი.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.
ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.
უწყების თქმით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
„ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აცხადებდა სუსი.