არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას – კალაძე

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გუშინ ყველამ დაინახა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და, რომ ყველა იმ პირს, ვინც აქციებს ხელმძღვანელობს ახლა, პარლამენტში ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებიათ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

„2020 წელს გაიმართება შერეული სისტემით. არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობრივი რეჟიმი. „ნაციონალურ მოძრაობის“ მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება. ისინი დესტრუქციის შემოტანას ცდილობენ, რომ სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ხალხის რესურსის მობილიზების არქონის ფონზე, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა, ახლა იაფფასიანი მეთოდებით ცდილობენ არეულობის შემოტანას. დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას რეაგირება ექნება, თუმცა ვიქნებით მომთმენები. არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები და არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. არჩევნები გაიმართება კანონით დადგენილ ვადებში და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ჩართულობით“. – განაცხადა კალაძემ.