არ ვარ დაჭრილი – არქიმანდრიტი საბა ჟღენტი

პუბლიკა

კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი არ ადასტურებს ინფორმაციას მისი დაჭრის შესახებ. ამის შესახებ მან „TV პირველის” ეთერში ისაუბრა. კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი ყინწვისის მამათა მონასტერთან ახლოს, მაღლობზე მდებარეობს.

„გულდაწყვეტილი ვარ იმაზე, რომ ასეთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მშობლები გვყავს, ახლობლები და მეგობრები გვყავს უკან და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ცუდად მოქმედებს ეს… დაუჭრელი ვარ და ცოცხალი ვარ. მადლობა ღმერთს”, – ამბობს ის.  ინფორმაციას არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაშიც.

მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

„პუბლიკასთან” საუბრისას, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაძლო დაჭრის ფაქტზე განმარტებას არ აკეთებს. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კონკრეტულად, რა ფაქტს ეხება საქმე, ამაზე ინფორმაცია არქიმანდრიტ საბას არ აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა რაღაც, საიდან ამოიღო ის იარაღი, მე არ ვიცი. მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი… მე უარვყოფ იმას, რომ აქ, საბას კოშკში, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში არანაირი ოპერაცია არ ჩატარებულა და არანაირი იარაღი არ ამოუღიათ და მამა დავითთან რა მოხდა იქ ყინწვისში და რა გააკეთეს, ეს მე არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ”, – აცხადებს არქიმანდრიტი საბა.