„არ ვართ „აკაცუკები“ - მე ეს დავამტკიცე იმ დღეს " | ზოდელავას დაკითხვა სასამართლოში

პუბლიკა

„ნებისმიერ აქციას სჭირდება, კლასიკური გაგებით, ორგანიზება, ეს არის ფინანსების მოზიდვა, სცენა, გახმოვანება, ათასი რამაა – 4 ოქტომბერს ესეც კი არ მომხდარა, ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური აქცია, ტრიბუნაც იყო სახელდახელო, ერთი ადამიანი თუ ავიდოდა, მეორე ვერ ადიოდა…”, – განაცხადა მოწმის სახით სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მურთაზ ზოდელავამ. მისი თქმით, აქციის საორგანიზაციო ნაწილიც კი არ იყო წინასწარ დაგეგმილი.

ადვოკატ ბექა ბასილაიას შეკითხვაზე – იყო თუ არა რაიმე ტიპის ძალადობრივ, აქტიურ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე გეგმა, მომზადება, რაიმე როლების განაწილება… ასეთი რამე თუ არსებობდა საერთოდ? ზოდელავამ განაცხადა:

„არა. მეტსაც გეტყვით – სპონტანურობის ხარისხი იყო მაღალი, ორგანიზებულობის ხარისხი ფაქტობრივად არ არსებობდა. არანაირი როლების განაწილება, ცხადია… კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ — იყო ერთი დიდი შეკითხვა მთელ საქართველოში: პროტესტის საზოგადოება და ოპოზიციური საზოგადოება „აკაცუკები“ არიან თუ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის მამაკაცები არიან თუ არა.

ჩემი  პირადი, პერსონალური ამოცანა, რაც მე ჩემს თავს დავუსახე იყო დამტკიცებულიყო, პროტესტის საზოგადოება, ოპოზიციური საზოგადოება არის თუ არა „აკაცუკი“. რა გვაჩვენა 4-მა ოქტომბერმა, ეს სხვა საკითხია. ჩემი პირადი მოტივაცია აბსოლუტურად ეს იყო…

ვიყავით თუ არა ჩვენ „აკაცუკები” – ხელისუფლება ამტკიცებს ამას უკვე დიდი ხანია. არა მარტო შარშან, წლებია, რომ ჩვენ ყველანი, ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, კაციც და ქალიც, ვართ ცოტათი რაღაცა უხერხემლო ხალხი…

ქალებზე ძალადობაც იყო, ჩვეულებრივად გადაიქცა აქციებზე და ამაზეც მე მქონდა გამძაფრებული შეგრძნება.

ეს ორი უმთავრესი რამ იყო – ქალი წინა ხაზზე, კონფრონტაციის წინა ხაზზე და მამაკაცი ჩირგვებში – იყო საშინლად შეურაცხმყოფელი ჩემთვის;

მეორე იყო ეს ამბავი იყო — „აკაკუცუკები“ ხართ… არ ვართ „აკაცუკები“, მე ეს დავამტკიცე იმ დღეს“.

– ადვოკატი: რომ შევაჯამოთ, ამ აქციის მიზანი იყო რიხის ჩვენება და არა რაიმე ტიპის ძალადობრივი ქმედება?

– ზოდელავა: რომ ჩვენ არ ვართ „აკაცუკები“, არასდროს ვყოფილვართ და არც არასდროს იქნება ოპოზიციური საზოგადოება.

გადასვლა „თავისუფლებიდან” „ათონელზე”

ზოდელავამ ასევე აღნიშნა, რომ პირადად მისი გადაწყვეტილება იყო, რომ გაფართოებულიყო არეალი და „დამატებითი ვიზუალიზება ყოფილიყო”.

„მივიჩნიე, რომ ათონელის მოედანი ყველაზე ოპტიმალური იყო, და ვიზუალიზირებისთვისაც – იმის წარმოსაჩენად, რომ აი, ბევრი ხალხია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იქნებ ხელისუფლებამ დაგვინახოს – ერთი, რომ ჩვენ ვარსებობთ, ძალიან ბევრნი ვართ და მეორე – რომ ჩვენ არ ვართ „აკაცუკები”, ანუ რაღაც კნინები”, – განაცხადა მან.

„მამაკაცური ძალა”

პროცესზე დაკითხვისას მან ასევე განმარტა, რას გულისხმობდა 4 ოქტომბერს სცენიდან გაკეთებულ განცხადებაში  მამაკაცური ძალის გამოყოფაზე – („მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო, დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს).

„ყელში მქონდა უკვე ამოსული, რომ ქალია წინ, კაცი – ტახტზეა წამოკოტრიალებული… განსაკუთრებით ქართული მენტალიტეტისთვის ძალიან მიუღებელი წელიწად-ნახევარი იყო, განსაკუთრებით ქალბატონების მიმართ”, – აღნიშნა მან და დასძინა ისიც, რომ ის იყო გამოუცდელი აქციების მართვაში, წარმართვაში და რომ ეს იყო მისთვის აბსოლუტურად სიახლე.

„ალბათ ჯობდა, რომ მე არ ვყოფილიყავი ამ როლში ამ გადმოსახედიდან… პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით იყო ძალიან მეჩხერი ვითარება, სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც ინდივიდუალურად გამოხატავდა [ინიციატივას], რომ მე რაღაცას ვიტყვი, მივმართავ და ამან განაპირობა ის, რომ მე ვიყავი ტრიბუნასთან… განსაკუთრებით ამ გადაადგილების თვალსაზრისით, აქციაზე როცა ბევრი ადამიანია, ნებისმიერი სიტყვა შეიძლება 100 000-დან 27-მა შეიძლება სხვანაირად გაიგოს. ამას გამოცდილება სჭირდება”.

რატომ გადავიდა ღობეზე?

ზოდელავას თქმით, როდესაც ის თავისუფლების მოედნიდან ათონელის სასახლესთან ჩავიდა, ღობე უკვე გადავარდნილი იყო. მისი თქმით, ის ღობეზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო გადავიდა.

„როდესაც აქციაზე შენ ხარ რაღაცნაირად არარიგითი მონაწილე, არამედ ის, ვინც ტრიბუნაზე ავიდა და სხვა პასუხისმგებლობაა. ამას ვგრძნობდი, რომ თუ იყო დარბევა – მეც უნდა ვიყო დარბეული. როგორც კი იქ მივედი და დავინახე, რომ… იქ ღობის მიღმა იდგა უკვე სპეცრაზმი ეკიპირებული და გაზის საშუალებებს უკვე იყენებდა. რეალურად მე გადავედი ამ გაზის კვამლში”, – აღნიშნა მან.

მან პროცესზე დაკითხვისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რაიმე სახის წინასწარ შეკავშირებას, დაგეგმავას, როლების განაწილებას ადგილი არ ჰქონია.

„[ლაშა ბერიძეს] წარმოდგენა არ ჰქონდა, მე რას [ვიზამდი/ვიტყოდი]. სპონტანური ვითარება იყო. არანაირი გეგმა არ არსებობდა და ეს უგეგმობა იყო აბსოლუტურად შეგნებული ჩვენი გადაწყვეტილება… იმიტომ, რომ საქართველო გეგმა ყოველთვის უკავშირდება რაღაც თეორიებს, რაღაც მითებს, გარდა ამისა, იყო შიში, რომ რაღაცას მოაწყობენ.. არაფერი გეგმა არ იყო რეალურად”, – განაცხადა ზოდელავამ.


4 ოქტომბრის მოვლენებზე 10 პირის საქმეში ბრალდებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
    მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.