არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება - იმნაძე

პუბლიკა

არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მსოფლიო კორონავირუსის პროგნოზებით, კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. როგორც იმნაძე ამბობს, თუ ზამთრისთვის ვაქცინა, ანტივირუსული საშუალებები არ შეიქმნა, სავარაუდოა, რომ „კორონავირუსი ისევ მოტრიალდება”.

„თუ ჩვენ არ გვექნა ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისთვის, თუ ჩვენ არ გვექნა ვაქცინა, რაც უკვე ნაკლებ მოსალოდგენიალია, რომ ზამთრისთვის იყოს დედამიწის მოსახლეობისთვის, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, და რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მზად უფრო ცუდი სცენარისათვის, იმიტომ, რომ ყოველთვის ჯობია მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს”, – განაცხადა იმნაძემ.

NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ უნდა მიმართონ პრევენციის გარკვეულ ღონისძიებებს.

„სასწავლო დაწესებულებს, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, უნდა ჰქონდეთ მზაობა, რათა სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ  რეჟიმში, იყოს მათთვის კარგი საშუალებები ჰიგიენის დაცვისთვის, და გამოუმუშაონ მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს სწორი ჰიგიენური წესები”, – განაცხადა ზახაშვილმა.