„არ ველოდი ასეთ თავდასხმას ...ძალიან მაგონებს ეს ჩვენი მინისტრი საბჭოთა ჩინოვნიკს“ - იულონ გაგოშიძე წულუკიანზე

პუბლიკა

„წულუკიანი მინისტრია და ძალიან დიდი საქმე აბარია, მაგრამ ის კულტურის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს, ლაბორანტებთან და მუზეუმის თანამშრომლებთან რა ხელი აქვს მას?“, – ამის შესახებ იულონ გაგოშიძემ 1 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

არქეოლოგი გამოეხმაურა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრალდებებს, რომელიც მინისტრმა იულონ გაგოშიძის და მისი ოჯახის მისამართით, 22 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააჟღერა.

არქეოლოგი იულონ გაგოშიძე აცხადებს, რომ ის არ ელოდა მინისტრისგან ასეთ თავდასხმას. როგორც ის ამბობს, მინისტრს სურს, რომ სისტემაში ჰყავდეს მორჩილი კადრები.

„არ ველოდი ასეთ თავდასხმას. 55 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, ერთი სიცოცხლე ვიცხოვრე. ძალიან კარგად ვიცი რა არის საბჭოთა პიროვნება და ძალიან მაგონებს ეს ჩვენი დღევანდელი მინისტრი იმ საბჭოთა ჩინოვნიკს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახსენა, რომ მორჩილება არის მაგისი ძირითადი თვისება. მორჩილება არის ძირითადი თვისება, რაც ხელს უწყობს დიქტატურას, რადგან თუ მორჩილი არა ხარ, მონა ვერ გახდები. მთელი საბჭოთა კავშირი მომართული იყო იმაზე, რომ შეექმნათ მონების საზოგადოება“, – თქვა მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

მინისტრმა წულუკიანმა 22 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინტერვიუს მიმდინარეობისას აღნიშნა, იულონ გაგოშიძეს „ავიწყდება, რომ ის დღესაც კულტურის სამინისტროდან იღებს ხელფასს“.

გაგოშიძის განცხადებით, მისი ხელფასი 160 ლარს შეადგენს. მეცნიერი განმარტავს, რომ მუზეუმში ექსპონატის მოვლას დიდი გამოცდილება სჭირდება და არ შეიძლება გამოცდილი კადრები გაუშვა და ის ახლით ჩაანაცვლო, ასეთ შემთხვევაში ახალი კადრები ექსპონატებს ვერ მოუვლიან.

„თითქოს იმდენ ფულს ვიღებ სამინისტროდან, რომ ვთქვა, ისიც მრცხვენია. 160 ლარს ვიღებ ხელზე. მუზეუმის თანამშრომლობა სულ სხვა რაღაცაა, ამას ვერ იგებენ. მე ხომ არქეოლოგი ვარ, მაგრამ ვარ მუზეუმში გაზრდილი არქეოლოგი, არსებობენ არამუზეუმელი არქეოლოგები, ბევრია ასეთი, კარგი არქეოლოგებიც არიან მათ შორის. მაგრამ მუზეუმში ისინი არ ივარგებენ. ის მუზეუმში უნდა გაიზარდოს. ნივთს რომ ადგილი შეუცვალო, აქტი უნდა დაიწეროს ამაზე. ნივთის მოვლასთავისი ცოდნა სჭირდება. გამოცდილება სჭირდება. ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები 20-25 წლამდე და ისინი იზრდებიან, სწავლობენ და კარგები არიან შემდეგ მუზეუმისთვის. ასე რომ, მოკიდო ხელი და გაყარო ადამიანები, მერე ახალი მოიყვანო,  არ გამოდის. ვერ მოუვლიან ისინი ნივთებს“, – განაცხადა იულონ გაგოშიძემ.

ის ასევე აცხადებს, რომ ბუნებრივია მისი ოჯახის წევრები ერთ სფეროში რომ მოღვაწეობენ და ამაში გასაკვირი არაფერია.

„როდესაც გიორგი ჩუბინაშვილმა შექმნა ძეგლთა დაცვის სისტემა, დედაჩემი როგორც არქიტექტორი იქაც მუშაობდა. მე, ბავშვი მიმიყვანა იქ. ჩემი შვილებიც ბავშვობიდან მუზეუმში იყვნენ, ასე რომ ეს ნეპოტიზმი არ არის“, – თქვა მან.

21 თებერვალს კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ადამიანებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს სამინისტროს მიერ ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლების მისამართით.

აქციის ორგანიზატორები და გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობდა მათი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით და რეორგანიზაციის ფარგლებში ჩანიშნული გასაუბრებისას ისინი არ ინტერესდებოდნენ თანამშრომლების საქმიანობით.

მომდევნო დღეს, 22 თებერვალს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოეხმაურა აქციას. მან ისაუბრა არქეოლოგ იულონ გაგოშიძის და მისი შვილის, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის შესახებ, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი ქვეუწყებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გაათავისუფლეს. მისი შეფასებით, აქცია იყო „ერთი დიდი ანეკდოტი“.

„საბჭოთა სტილს და ტონს მიწუნებდა 1930-იან წლებში დაბადებული, მეცნიერი იულონ გაგოშიძე. ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი, 20 წლით ადრე ვიდრე მე დავიბადებოდი, შესაბამისად ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში და ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს მეტ თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და თვლის, რომ თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღინდ მას ავიწყდება, რომ ის დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს.

ასევე ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი არის აქტიურად მედიაში და მგონი აქციაზეც ბრძანდებოდა, ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს, ბატონი იულიონის კიდევ ერთი შვილი მუშაობს ჩვენს სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს. ჩვენს სისტემაში მუშაობს ბატონი იულონის რძალი, ნაციონალების დროიდან და ხელფასს იღებს და მუშაობდა ჩვენს სისტემაში ბატონი იულონის შვილიშვილი, რომელიც სამი წელი არ დადიოდა სამსახურში, მას შტატს უნახავდნენ სწორედ ხელოვნების მუზეუმში და ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, გარკვეული „ბომბონერი“ რომელშიც შენ ვითარდები, ხარ რა საბჭოთა პერიოდის მეცნიერი, თვლი რომ ეს საბჭოეთი კარგია, რომელიც კიდევ უფრო გააღვიძა და გააღვივა ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, რომელიც იყო ჩემი წინამორბედი და თავადაც როდესაც „ბომბონი“ გგონია თავი და „ბომბონერში“ შემდეგ, როდესაც ამ სიმყუდროვეს გირღვევენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს ეს აღშფოთება“, – თქვა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმში და მასთან დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.

სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დასკვნა ნიადაგის მოსინჯვა იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის დემონტაჟისთვის, რასაც კულტურის სამინისტრო სიცრუეს უწოდებდა. მეცნიერები და სპეციალისტები ასევე კრიტიკულად აფასებდნენ შენობაში დაცული ექსპონატების ევაკუაციის ახალ გეგმას, მაშინ, როდესაც წულუკიანის მინისტრად დანიშვნამდე არსებობდა წლების განმავლობაში დამუშავებული ექსპონატების ევაკუაციის გეგმა და ასევე, არსებობდა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტიც.