არ ვემხრობი უშედეგოდ არც ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე

პუბლიკა

„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ დაწერა.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შეფასდეს მოვლენები და პარტნიორების ნდობა არ დაიკარგოს.

„თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) – ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა – უფრო არ გაუშვებენ მიშას.

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, – დაწერა მან.

ცნობილია, რომ ბოიკოტს არ ემხრობა არც ნიკა მელია.

საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება ენმ-მა გუშინ, სააკაშვილის პროცესის შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ შეკრებაზე მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, ანუ აღარ დაესწრება პლენარულ სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა ფორმატებს.

მისივე თქმით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გააგრძელებენ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ენმ ამ ნაბიჯისთვის მზად არის.