არ ვემხრობით რევოლუციას, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით – ხაზარაძე

პუბლიკა

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს შუერთდნენ ხვალინდელ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

როგორც „ფეისბუქ“ პოსტში ხაზარაძე წერს, ისინი არ ემხრობიან ძალადობასა და რევოლუციას და ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

„ლელო„უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას შევიკრიბოთ ხვალ, 15:00 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე. ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!“ – წერს ხაზარაძე.

ხვალ პარლამენტის წინ ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ხვალ ასევე დაგეგმილია პატრიოტთა ალიანსის საპროტესტო აქცია, რომელსაც „ქართული მარშიც“ უერთდება.

აქციის მთავარი მოთხოვნაა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, რომ არჩევნები ჩაატაროს ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით.

ოპოზიციის მოთხოვნებს დღეს უმრავლესობის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება არ არსებობს. ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ასევე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვერსიები, – ჩაგდებული კანონპროექტის მცირედი ცვლილებით პარლამენტში კვლავ შეტანა და კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა „ნონსენსია“. მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

***********

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. მას შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება, გაშლილია კარვები და გადაკეტილია პარლამენტის წინ გზის საავტომობილო ნაწილი.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: ვადამდელი არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით, არჩევნების ჩატარება გარდამავალი მთავრობის პირობებში და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.