არ ვფიქრობ, რომ საქართველომ პიკი გადაიარა – ექიმი თამარ ჟამურაშვილი

პუბლიკა

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, „ტელეკომპანია პირველთან“ ამბობს, რომ საქართველოს პიკი ჯერ არ გადაუვლია, ისევე, როგორც გერმანიას.

„საქართველოს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ჩემს აზრს არავინ არ გაითვალისწინებს და ეს შეზღუდვები აუცილებლად მოიხსნება, მაგრამ  რა მოხდება, როცა ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება? უბრალოდ, ძალიან სწრაფად გადაივსება საავადმყოფოები და ძალიან სწრაფად მოგვიწევს ისევ ამ ეტაპზე დაბრუნება და ეს სამწუხარო იქნება, რადგან უკან დაბრუნება ყოველთვის სამწუხაროა.

ცოტა რთულია, ქართული მედიცინის სისტემას რომ ვიცნობ, კარგ მობილიზებასა და ორგანიზებაზე ვისაუბრო, თუმცა არსებობს რესურსი, რომელიც მობილიზებული არ არის. მინდა აღვნიშნო, ზაფხულში სუსტდება ვირუსის ძალა, ინფიცირების რაოდენობა… ჩვენ აქ უკვე ზამთრისთვის მზადება გვაქვს დაწყებული. ოქტომბერში თუ დაიწყო საქართველოში მზადება, ინფლუენცასთან (გრიპი) ერთად კოვიდ-19-ის მართვა აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნება.

როგორ გადავიარეთ პიკი? პიკი არის მაქსიმუმი, რომლის მერე დაღმავალი გზა იწყება და დავიწყეთ დაღმასვლა? გერმანიაში, ბერლინშიც კი არ გვაქვს პიკი. აქაც კი შემცირებულია რაოდენობა, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პიკი გადავიარეთ. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველში პიკი გადავიარეთ. შეიძლება, გაგვიმართლა და მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ  ვირუსი რჩება ჩვენთან, ისევე, როგორც ინფლუენცა. უბრალოდ, მომავალში გვექნება ვაქცინა, გვექნება მედიკამენტები.

შიშის დრო ნამდვილად არ არის. უბრალოდ, თუ არ გვინდა, რომ დავმარცხდეთ, სწორად უნდა შევაფასოთ მტერი. სწორად უნდა დავსახოთ სტრატეგია და სწორი მიმართულებით ვიაროთ“, – ამბობს თამარ ჟამურაშვილი.