საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ არ ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე გვაყენებს.
წამყვანმა პრეზიდენტს ჰკითხა საქართველოში ჩამოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რატომ ჩამოდიან ისინი საქართველოში და წარმოადგენენ თუ არა ისინი უსაფრთხოების გამოწვევას.
„არ ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე ვართ, არ ვეთანხმები ამ ხედვას. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უკმაყოფილოები არიან იმ იმიჯით, რასაც მათ მთავრობას აქვს დღეს და სავარაუდოდ მათ მეტად იზიდავთ მეზობელი ქვეყნები. ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირებულებაცაა და თუ ისინი მშვიდობიანი ზრახვებით ჩამოვლენ, მათ მივესალმებით. მე რომ ვიყო რუსეთში დღეს, არ ვიქნებოდი ამით ამაყი“, – თქვა პრეზიდენტმა.