„არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით“ | ფოთის ნავსადგური

პუბლიკა

ფოთის პორტი საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ.

„არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთისა და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის. აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

რაც შეეხება ინფორმაციას ჩვენი ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.