არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, არც უკრაინას დავსხმივართ თავს - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი თავს არ დასხმია უკრაინას და არ გეგმავს არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. ამის შესახებ ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენ არ ვგეგმავთ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. არც უკრაინას არ დავსხმივართ თავს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით: უკრაინაში შეიქმნა სიტუაცია, რომელიც უქმნიდა პირდაპირ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში კარგად ჰქონდათ დაგეგმილი თავდასხმა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებზე. დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კი საშიშროების შემცველია.

ასევე, სერგეი ლავროვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს გამოუყენებია გაზი და ნავთობი იარაღად.