არ ვიცი, ასე რატომ გაღიზიანდნენ საქართველოს სიმბოლიკით - ბოჭორიშვილი პარლამენტის გაფორმებიდან ევროკავშირის ამოღებაზე

პუბლიკა

„არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით საქართველოს დღესთან დაკავშირებით“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი წელს პარლამენტის საზეიმო გაფორმებიდან ევროკავშირის სიმბოლიკის ამოღების შესახებ მოქალაქეთა კომენტარებს.

„ძალიან უცნაური კამპანია წამოიწყეს, მორიგი, სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკა რომ იყოს პარლამენტის შენობაზე საქართველოს დღესთან დაკავშირებით. ვისაც აწუხებს, ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის პარლამენტის წინ.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს დროშის ფერებშია დღეს თბილისი გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს, რატომ სწყინთ არ ვიცი“, – თქვა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში.

წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, რომ მოქალაქეებმა ეს პოლიტიკურ გზავნილად აღიქვეს, ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ბანერები ყოველ წელს იცვლება და ვერაფერს ხედავს ცუდს, თუკი მხოლოდ ეროვნული სიმბოლიკა იქნება.

„ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის მემგონი გაფორმებული, ასე მახსოვს მე, ასე ახსოვს ალბათ საზოგადოებასაც და ამაში ცუდს მე ვერაფერს ვხედავ, თუ საქართველოს დღეს საქართველოს ფერებში ვიზეიმებთ და ასე აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.