პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზად არის შეასრულოს მასტაბილურებლის ფუნქცია ნებისმიერ ვითარებაში, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნამდვილად იმყოფება თუ არა საქართველოში, ეს რამდენიმე საათში გაირკვევა.
„ნამდვილად არ ვიცი, არის თუ არა საქართველოში. მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა. მივიდეთ არჩევნებზე და ამ გზით შევცვალოთ „ქართული ოცნების” ხელისუფლება. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა.
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია იყოს ამ ქვეყანაში, არცერთ ქვეყანაში არ დავუშვებთ არეულობას… ვინ არის საქართველოში, ვინ არ არის, ვინ როდის ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს რესურსი, რომ შეასრულოს მასტაბილურებლის ფუნქცია ნებისმიერ ვითარებაში”, – აცხადებს ვაშაძე.
დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.